მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

ბოდბე

 

   ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრში.

    ბოდბის მონასტერს  გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო.   14 წლის იყო წმიდა ნინო, როცა ღვთისმშობლის ბრძანებით მისი წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართა. აქ მან მრავალი ცრემლით, ლოცვითა და მკაცრი მოღვაწეობით სრულყო თავისი მოციქულებრივი ღვაწლი.

    მონასტერს შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს - ირგვლივ მუხის ხეებით დაბურული გორაკებია, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთით ალაზნის ველისკენ იხსნება. ეკლესიის ეზოში მრავალწლოვანი კაკლის, ცაცხვის ხეები და ტანმაღალი კვიპაროსები დგას. მონასტერთან მოედინება ორი წყარო, ერთ-ერთ მათგან (ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხევში) `წმინდა ნინოს წყაროს~ ეძახიან. ამ წყაროს ნაკურთხი წყლის ძალა აქვს. 
მონასტრის ეზო გალავნითაა შემოზღუდული. მთავარი შესასვლელი დასავლეთიდანაა. მთავარი ტაძარი ქვედა ტერასაზე მდებარეობს, ხოლო სამონასტრო ნაგებობები მისგან ჩრდლოეთით - ზედა ტერასაზე.  

     ბოდბის მონასტერი ოდითგანვე არამარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი

 

უმდიდრესი წიგნთსაცავი. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ბოდბეში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი არსებობდა.

     იმავე საუკუნის მიწურულს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ეწვია ამ ადგილს და მისი ბრძანებით 1889 წელს ბოდბეში დედათა მონასტერი გაიხსნა, აქვე მოქმედებდა ქალთა სასწავლებელი.

   1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო ვაჩნაძე, იძულებული გახდა ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან, დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

   კომუნისტთა მიერ დარბეული უძველესი ტრადიციების მქონე ბოდბის მონასტერი კვლავ აღდგა 1991 წელს. ამჟამად მონასტერში ოცდაათამდე მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობს.  სავანე,ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იბრუნებს პირვანდელ სახეს. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით ხდება მონასტრის აღორძინება: შეიმკო და გამშვენდა წმიდა ნინოს საფლავი, წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროზე აშენდა განსაბანი და წმიდათა ზებულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები.

    წმიდა ნინოს საფლავი დღესაც სულიერ და ხორციელ კურნებას აღმოაცენებს და მისი სავანეც, შეძლებისდაგვარად, ცდილობს ადამიანებს მასთან მიახლების საშუალება მისცეს.

-----------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

                                                               ზევით