მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

წინანდალი

 

  წინანდალი, ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მისი ოჯახის ისტორიული სამოსახლო, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან კულტურულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. როგორც მუზეუმსა და კულტურულ ცენტრს, მას შეუძლია განსაცვიფრებელი მასალა შესთავაზოს ფართ საზოგადოებას, ტურისტებს, საგანმანათლებლო დარგის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა თუ მკვლევრებს.

    არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც უკეთესად გაიგებთ ამბავს ამ უძლიერესი ოჯახისა, რომელმაც სამუდამო კვალი დაამჩნია საქართველოს ისტორიას; სადაც მნახველების წინაშე გამოფენილია, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშები და ფასეულობანი, რომლებიც შთააგონებენ ქართველ და უცხოელ მნახველებს, საკუთარი ქვეყნებისა და საერთოდ მთელი მსოფლიოს მომავალზე ჩაფიქრდნენ.

   წინანდალი - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო -აღმოსავლეთ კალთის ძირას. ზღვის დონიდან 560 მ. თელავიდან 10 კმ. აქ ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი იოანე ბაგრატიონთან ერთად. იგი იყო ერეკლე II-ის ელჩი რუსეთში.

 

   წინანდლის პარკი და მისი ულამაზესი ბაღები მე-18 საუკუნის დასასრულს, ბატონიშვილმა გარსევან ჭავჭავაძემ გააშენა. გარსევანს (იმის გამო, რომ საქართველოს მეფის, ერეკლე II-ის სრულუფლებიანი ელჩი იყო), 18 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიის დედაქალაქში, სანკტ-პეტერბურგში მოუხდა ცხოვრება. საბოლოოდ, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, იგი სოფელ წინანდალში დასახლდა, სადაც სასახლის აშენება ბრძანა. სასახლის ირგვლივ ბაღი უნდა გაეშენებინათ, რომელიც იქვე, კავკასიის გოროზი მთების ჩრდილში მდებარე მშვიდი დასასვენებელი ადგილი უნდა ყოფილიყო.

    პარკი შედგებოდა ხილის ბაღების, სასეირნო ბილიკებისა და ხეივნებისაგან, რომლებიც ვაზით იყო გადაფარული; მასში ყვავილნარი და ტრადიციული ქართული ვარდის ბუჩქებიც უხვად ხარობდა. პარკში კვლავინდებურად იდგა იქ უკვე არსებული მუხის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის ხეები, რომელთა ასაკიც დღეისათვის 400-500 წელს აღწევს. ისინი დღესაც ჭავჭავაძეების ოჯახის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად და ბურჯად გვევლინება.

-----------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

                                                               ზევით