მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

გურია

 

    გურია ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა დასავლეთ საქართველოში. ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთიდან  რიონით, სამხრეთიდან კი  - ჭოროხით,  აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით მისი მოსაზღვრე აჭარა იყო. 

    პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. როგორც მემატიანე წერს, "მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა".
ტოპონიმ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავ
გულს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს.

    ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ ამ მხარეში "გურიანნი", ანუ ფიცხი და ბრაზიანი ხალხი ცხოვრობდა და აქედან წამოიშვა სახელი გურია. გურია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. სოფელ გურიანთაში აღმოჩნდა უძველესი ნამოსახლარი. ასეთივე ნამოსახლარი აღმოჩნდა სოფელ ანასეულში. აღსანიშნავია ვაშნარის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ადრექრისტიანული ძეგლები, ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრები.

 

   მხარის ფართობი შეადგენს 2030,7 კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 148 ათასს. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 193 დასახლებული პუნქტია, მათ შორის შედის 2 ქალაქი: ლანჩხუთი და ოზურგეთი, ასევე რამდენიმე დაბა და მრავალრიცხოვანი სოფლები. გურიის მნიშვნელოვანი კურორტებია ბახმარო, ნაბეღლავი, გომისმთა, ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი.

    გურიაში გავრცელებული საცხოვრისის ძირითადი სახეა ოდა, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ის 3-6 ოთახიანი ფიცრული სახლია ხის იატაკითა და აივნით. ოდის ოთხფერდა სახურავი კრამიტით ან ყავრითაა გადახურული. ნესტიანი ჰავის გამო სახლი ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული. ოდას ბუხრით ათბობენ.

    მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი, ლიხაურის ეკლესია, ჯუმათის მთავარანგელოზის ეკლესია, ჯიხეთის მონასტერი.

-----------------------------------------------------------------------

პალიასტომის ტბა   ნაბეღლავის მინერალური წყალი   ბახმარო   შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
     
             
 

 

 

 

                                                               ზევით