მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

მცხეთა - მთიანეთი

 

მცხეთა-მთიანეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი და მრავალფეროვანი მხარეა. აქ ერთმანეთის გვერდი - გვერდაა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთები 3500 და 5000 -ის სიმაღლის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ულამაზესი ხეობები, იქ ჩაკარგული ტბები და ალპური ველ-მინდვრები.

საოცრად ლამაზია ხევისა და ხევსურეთის კავკასიონი. იგი ციცაბო ფერდობებით ეშვება არაგვის ვაკეზედა განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის. კავკასიონის ქედზე არსებული რამდენიმე უღელტეხილიდან ერთ-ერთი - ჯვრის უღელტეხილით,რომელიც განუმეორებელი სილამაზის საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს, საქართველო ისტორიულად ჩრდილოეთ კავკასიას უკავშირდებოდა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, როგორც სასაზღვრო ზოლი, რომელიც უმკაცრესი პირობების მიუხედავად იცავდა ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრებს, დღემდე რჩება საუკუნეებით ჩამოყალიბებული ადათ-წესების დამცველად. მთელი რიგი პროვინციები: ხევი, პირიქითა ხევსურეთი მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო წელიწადის უმკაცრეს ზამთრის თვეებში მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ის გმირობა, რომლითაც გამოირჩეოდა ამ პროვინციების მოსახლეობა, მათ მიერ გადატანილი ბრძოლები და შესრულებული როლი საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრების დასაცავად.

მცხეთა-მთიანეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეს წარმოადგენს, სადაც გამოიყოფა მეცხოველეობის (ახალგორი, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) და მებოსტნეობა-მებაღეობის რაიონები (მცხეთა, ნაწილობრივ დუშეთი). 

 

საქართველოს სამხედრო გზა ამ რეგიონზე გადის, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია ამჟამად. სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.

მცხეთის რაიონის მცენარეული საფარი მდიდარი და მრვალფეროვანია. არსებულ ტყეებს აქ ნიადაგდამცავი და წყალმარეგულირებელი მნიშვნელობა აქვს. მცენარეული საფარი ძირითადად ანთროპოგენული ხასიათისაა. ადამიანის აქტიური ზემოქმედებით ტყის საფარის ნაწილი გაჩეხილია. საფარის ცვალებადობა აქ სიმაღლებრივი ზონალობის კანონზომიერებას ემორჩილება.

მცხეთა-მთიანეთში გავრცელებული მცენარეთა სახეობებია: კავკასიური სოჭი, აღმოსავლური ნაძვი, ქართული მუხა, წიფელი, ნეკერჩხალი, ცაცხვი, იფანი, თხილი,ჯაგრცხილა, ვერხვი, არყი, თელა, პანტა, მაჟალო,მაყვალი, შვინდი, კუნელი, ქაცვი, კოწახური, ზღმარტლი, ბზა, მოცვი, შქერი, ასკილი და სხვა.

 

 

-----------------------------------------------------------------------

მცხეთა. ჯვრის მონასტერი   სვეტიცხოველი   სამთავრო და შიომღვიმე   ანანური
     
             
ლომისა   ყაზბეგის ეროვნული პარკი   დარიალის ხეობა   მდინარე არაგვის ხეობა
     
             
გერგეტის მყინვარი და გერგეტის სამება   შატილი და მუცო   მთის საკულტო ძეგლები. ლაშარის ჯვარი    
       
             
 

 

 

 

                                                               ზევით