მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

რაჭა - ლეჩხუმი

 

რაჭა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. რაჭას ოთხივე მხრიდან მაღალი მთები აკრავს: ჩრდიოლეთით კავკასიონის ქედი, აღმოსავლეთით - ლიხის მთა, სამხრეთით - ნაქერალას მთა და დასავლეთით - სვანეთის მთები.

ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, ამ ადგილს რაჭა  შემთხვევის გამო დარქმევია: ერთ ქართველ მონადირეს, რომელიც აქ პირველად დასახლებულა, ნაქერალადან გადმოუხედავს, განცვიფრებულა რიონის ვიწრო და ღრმა ხეობით, იგი ჭისათვის მიუმსგავსებია და წამოუძახებია: "ეს რა ჭა ყოფილაო!" ამის შემდეგ ამ მხარეს რაჭა დარქმევია.

თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომელიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X ს. ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომელიც XIII ს-დან იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა იყოფა მთის რაჭად, ზემო და ქვემო რაჭად. რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმყოფადობას და უნიკალურობას არა მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ მდიდარი, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა განსაზღვრავს. თვითმხილველთა უზომო აღტაცებას იწვევს მხარის მთიანეთი, კავკასიონის ჭაღარა მწვერვალები და მთაგრეხილები, მდინარეები და ჩანჩქერები, მრავალრიცხოვანი ტყის მასივები და მათში გავრცელებული ცხოველ - ფრინველები, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, უღელტეხილები, ალპური სათიბ - საძოვრები, ულამაზესი გზა - ბილიკები, შაორისა და ლაჯანის წყალსაცავები, სვანური მურყვამები (კოშკები) და სხვა სანახაობანი. განუმეორებელ ეფექტს ახდენს ეთნიკურად ადგილობრივი წარმოშობის მოსახლეთა გაცნობა და მათთან ურთიერთობა.

 

უმდიდრესია მათი ისტორიული წარსული, ყოფა, კულტურა, ფოლკლორი, რის შესახებაც ჯერ კიდევ ძველი ბერძენი, რომაელი, სპარსი, თურქი და ევროპელი მკვლევარ - მოგზაურნი წერდნენ.

საქვეყნოდაა განთქმული აქაური სამკურნალო მინერალური წყლები და კურორტები - შოვი, უწერა, ლაშიჭალა, ქვეშვაკე, მუაში, სორტუანი, ბუგეული, ხიდიკარი, სადაც მათივე სახელობის 25-ზე მეტი სამკურნალო - მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა საკურორტო ადგილები - ხიდიკარი, წესიგორა, ურავი, ბარი, სხეფური, ქვედის ტბა და სხვა.

მხარეში უამრავი საინტერესო, უნიკალური ისტორიულ - ეთნოგრაფიული, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლია. მათ შორის აღსანიშნავია ნიკორწმინდა, ბარაკონი, ხონჭიორი, მრავალძალი, პატარა ონი, ღები, კვირიკეწმინდა, ლაილაში, ჩაჟაშის კომპლექსი, მინდა - ციხე, კვარაციხე, ციხეთა კომპლექსი - "დახვდი", "დაჰკარი" და "არ გაუშვა", ონის საუკუნოვანი სინაგოგა, VII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის და თეოლოგის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტერი ცაგერის მუნიციპალიტეტში და ა. შ.

ისტორიულ - ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან განსაკუთრებულ ყურადღებს იპყრობს XI საუკუნის ნიკორწმინდისა და XVIII საუკუნის ბარაკონის ტაძრები. ასევე აღსანიშნავია შაორის წყალსაცავი, რომელიც შესანიშნავ პირობებს ქმნის ტურისტის მოსაზიდად.

 

-----------------------------------------------------------------------

ნიკორწმინდა   ბარაკონი   ხოტევი   შაორი
     
             
შოვი   უწერა        
         
             
 

 

 

 

                                                               ზევით